„შეწყვიტეთ ზვიად გამსახურდიას სახელის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება“ – კონსტანტინე გამსახურდია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ზვიადის სახელის გამოყენებას ამორალურს უწოდებს და ყველას მიმართავს, პოლიტიკურმა ბანაკებმა ზვიადის სახელის ხსენება შეწყვიტონ.

ზუგდიდის მერის არჩევნებსა და ზვიად გამსახურდიას სახლის გამოყენებაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ზვიად გამსახურდიას სახელს, უკანასკნელ ხანებში, საკმაოდ ხშირად ახსენებენ. ვგულისხმობ საარჩევნო ბატალიებსა და დაპირისპირებას, როცა მხარეები ერთმანეთს ზვიადის სიყვარულში ეჯიბრებიან. ზვიად გამსახურდიას სახელი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არც ერთმა მხარემ უნდა გამოიყენოს. არც დაჯგუფებამ და არც ინტერესთა ჯგუფმა. ზვიად გამსახურდიას სახელს მის მიერ აღსრულებული საქმეები იცავს, მას საქართველოს ერთიანობის საერთო სახალხო ცნობიერება და საქართველოს ისტორია იცავს“ – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის შეფასებით, ზვიად გამსახურდიას სახელს ისეთი ოდიოზური სახეებიც კი ახსენებენ და იყენებენ, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში არც თუ ისე ნათელი კვალი დატოვეს.

„მიუღებლად მიმაჩნია, ზვიად გამსახურდიას სახელი გაისმას რომელიმე პოლიტიკური ბანაკის ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ რაიმეს მიაღწიონ. იმ მიზნით, რომ მოიპოვონ პოლიტიკური ქულები და იმ მიზნით რომ სამეგრელოში საარჩევნოდ მიიზიდონ ამომრჩევლები“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები