„საფრანგეთის ელჩს მარი ლეპენი მიხედავს, ეს „ნარჩენები“ მალე დაამთავრებენ“

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ფრანგი დიპლომატის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი დღეები დათვლილია. როგორც სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“, 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, საფრანგეთს და მის ელჩს არავინ ეკითხება, საქართველოში, ვისი მსვლელობა და როგორ გაიმართება.

„საფრანგეთის ელჩს მალე მარი ლეპენი მიხედავს. ერთ კვირაში, საფრანგეთში ევრო პარლამენტის არჩევნები იმართება და უდიდესი უპირატესობით ეროვნული ფრონტი იმარჯვებს. მაკრონის ლიბერალური ხელისუფლება სრულ კრახს განიცდის. ევროპაში დაწყებულია ნაციონალისტური გადატრიალება. ევროპაში ხდება ნაციონალისტების გამოღვიძება და ეს ნარჩენები, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენენ და ნარჩენები არიან ძველი ლიბერალების რეჟიმისა, ძალიან მალე დასრულდება. მინდა, ყველა ქვეყნის დიპლომატიური ქვეყნის წარმომადგენლებს ვუთხრა, ნუ დაიკავებენ ცალმხრივ პოზიციას. ქრისტიანულ სამყაროში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელს მსოფლიოში, სადაც გეი აღლუმი არ გამართულა. მე ამაყი ვარ ამით, რომ საქართველო არის უკანასკნელი ბასტიონი“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთი ღონისძიებები გააუქმეს. თუმცა, კვირეულის გამართვას 18-15 ივნისს გეგმავენ. საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი უფლებების გამოხატვა წარიმართოს მშვიდად და ცივილურად.

მსგავსი თემები