ცესკოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში საარჩევნო ბეჭდები მთლიანად შეიცვლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებში საგანგაშოს, კანონდარღვევას და დანაშაულს ვერ ხედავს. მიუხედავად ამისა, ცესკო-მ, ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის უკვე გადაცემული სამაგიდო სიები და ბეჭდები უკან დაიბრუნა და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდების მთლიანად შეცვლის გადაწყვეტილებაც მიიღო.

ცეცკო-ს სახელით განცხადება საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.

“ზუგდიდის ოლქში, გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისივე განცხადებით: „ცესკომ ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის უკვე გადაცემული სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის“.

მსგავსი თემები