მკვლელს ყველაფერი ახსოვს, გარდა ერთისა – როგორ მოკლა საკუთარი ძმის შვილი 29 ჭრილობით

„როგორც დედა, ბებია და ადამიანი არ ვარსებობ, ნელი სიკვდილით მკლავენ“ – შვილმკვდარმა და შვილიშვილ მოკლულმა ბებიამ, ინგა ირემაძემ, შვილის მიერ მოკლული შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და კონკრეტული ქმედებები გაიხსენა, რაც ამ შემზარავ ტრაგედიას წინ უსწრებდა.

რუსთავში, 2010 წლის 10 თებერვალს მოკლული 13 წლის ბავშვის, გოგიტა ირემაძის სასტიკი მკვლელობა ყველას ახსოვს. მკვლელს, რომელიც ბავშვის 29 წლის ბიძაა, 2 წელი იძულებითი მკურნალობა აქვს მისჯილი. ის ოჯახს ჩვეულებრივ ეკონტაქტება, ადეკვატურია და ყველაფერი ახსოვს, გარდა ერთი შემთხვევისა – როგორ მოკლა საკუთარი ძმის შვილი საკუთარ საძინებელში 29 ჭრილობით. მოკლულის და მკვლელის ოჯახი, რომლებიც ერთ და იგივე ადამიანები არიან, იმ პოლიციელებისა და ექიმების დასჯას ითხოვენ, რომლებსაც მკვლელობის თავიდან არიდება შეეძლოთ, თუმცა, გულგრილობა გამოიჩინეს.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინც არ უნდა იყოს ამ საქმეში დამნაშავე, რა წვლილიც არ უნდა მიუძღვოდეს, პატარა იქნება თუ დიდი, ყველანი უნდა დაისაჯონ. უმოქმედოდ, პირველ რიგში ექიმები იყვნენ, რადგან, მთელი დღის განმავლობაში, მათთან დადიოდა, თუმცა კლინიკაში არ დატოვეს. რუსთავის საავდმყოფოში, უთხრეს, რომ ნარკოლოგიურში ან ფსიქიატრიულში გადაეყვანათ. თუ ამას ოჯახი არ გააკეთებდა, ისიც უთხრეს, პატრულს გამოვიძახებთ-ო. პატრული არ გახდა საჭირო იმიტომ, რომ ჩემი შვილი დასთანხმდა და თავისი ნებით წავიდა თბილისში. თბილისის ნარკოლოგიურში კი არ მიიღეს, უთხრეს ადგილები არ გვაქვსო. თბილისში ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული ერთად ყოფილა და გადავიდნენ ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სადაც ექიმი არც კი დაელაპარაკა ჩემს შვილს. დერეფანში სულ რაღაც ორი წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. შეხედა და დიაგნოზი დაუსვა, რომ არაფერი სჭირდა და გაუშვეს სახლში“ – ყვება ბებია.

29 წლის ვალერიან ირემაძე სახლში დაბრუნდა, სადაც იმყოფებოდა მისი ძმის შვილი, ის ადეკვატური იყო, ჩვეულებრივ იქცეოდა. დილით კი საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ბიძამ 13 წლის ბავშვი საკუთარ საძინებელში, ცივი იარაღით, 25 ჭრილობით მოკლა.

როგორც ოჯახი ამტკიცებს, კლინიკაში პაციენტი იმიტომ არ დატოვეს, რომ 3000 ლარი მოითხოვეს, რომელიც მას არ ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ პაციენტი ადეკვატური იყო და დახმარება არ სჭირდებოდა.

„​ცენტრი არის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომ საქმე ძირეულად გამოიძიონ. კლინიკა თანამშრომლობს გამოძიებასთან და ნებისმიერი მიმართულებით უპასუხებს გამოძიების ყველა კითხვას. პაციენტი კლინიკაში, ღამის საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. შესაბამისი პროცედურის თანახმად, ის ექიმმა ნარკოლოგმა მიიღო, ჩაუტარა კონსულტაცია. ექიმსა და პაციენტს შორის საუბარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. პაციენტს შესთავაზეს, ხომ არ სურდა ექიმთან, თანმხლები პირების გარეშე, პირისპირ საუბარი. რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. შედგა აბსოლუტურად გამართული კონსულტაცია, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით, შესაბამის ჟურნალში. პაციენტი კატეგორიულ უარს ამბობდა სტაციონარულ მკურნალობაზე და ამბობდა, რომ სამკურნალო არაფერი სჭირდა“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ცენტრში.

მსგავსი თემები