პატიმრობაში დაწყებული ბიზნესი და არსებული რეალობა

#16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა 27 წლის პატიმარმა, ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო. მან პირველი 3 ათას ლარიანი გრანტიც მოიპოვა და თავისუფლების შემდეგ, ამ ბიზნესს გისოსებს მიღმა ხელმძღვანელობს.

ნიკა 27 წლისაა, მან სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული 4 თვიანი კურსი თემაზე „ტყავის ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების ხელოსანი“ გაიარა. იგი სწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთო და საქმისადმი მაღალი ინტერესი გამოავლინა. საკუთარი ინიციატივით შეადგინა ბიზნეს წინადადება #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მინი საწარმოს დაფუძნების თაობაზე და ორგანიზაციას დაფინანსებისთვის წარუდგინა. ბიზნეს გეგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულების დასაქმებასაც ითვალისწინებდა.

ცენტრი „აფხაზეთის“ საგრანტო კომიტეტმა მოიწონა ნიკას ბიზნეს გეგმა და მას 3000 ლარის ოდენობის გრანტი მატერიალური ფორმით გადასცა. თანხა საკერავი მანქანის, სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ქსოვილების შესაძენად დაიხარჯა. ნიკა დაწესებულებაში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა, რაშიც ხელი იუსტიციის სამინისტრომ შეუწყო.  ნიკა 2019 წელს გათავისუფლდა და ამჟამად საწარმოს მენეჯმენტს გარედან ახორციელებს.

 „ჩვენმა საწარმომ 2018 წლის ბოლოს დაიწყო ფუნქციონირება, ჩვენ სხვადასხვა დიზაინის ჩანთებს ვკერავთ, თავიდან ჩანთის ჩვენი დიზაინი შევიმუშავეთ, რომელსაც განსაკუთრებული ფორმის ჯიბე ჰქონდა, ეს იყო ჩვენი ნოვაცია. დაწესებულებაში არის ძალიან კარგი ბიბლიოთეკა, ჩვენთვის ინსპირაციის წყარო დიდი მხატვრების წიგნები იყო, ჩანთებზე სწორედ მხატვრების ცნობილი ნახატები დავიტანეთ. ყველაფერმა ერთად ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ჩვენი ჩანთები ძალიან ლამაზი და ფუნქციურია,”- აცხადებს “მედიცენტრ მთავართან”.

 ნიკას დღეს წარმატებით უძღვება დაწესებულებაში გახსნილ საქმიანობას. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ მათ ერთი დამოუკიდებელი ოთახი დაუთმო. საქმეში 4 მსჯავრდებულია დასაქმებული. ნიკამ რამდენიმე კორპორატიული შემკვეთის მოძიება შეძლო, გახსნა ფეისბუკის გვერდი და ყველანაირად ცდილობს საქმე წინ წაიყვანოს. 

„გაყიდვებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ჯერ საქმიანობის გაფართოებაზე არ ვფიქრობთ. მინდა რასაც ვაკეთებთ, მაქსიმალურად პროფესიონალურად გავაკეთოთ და დავხვეწოთ. დაწესებულების თანამშრომლები გვეხმარებიან და ხელს გვიწყობენ. გაყიდვებოდან მიღებულ მოგებას სუფთად ვანაწილებთ საქმეში ჩართულ თანამშრომლებზე“, – აღნიშნა ნიკამ.

მსგავსი თემები