არასრულწლოვან პატიმრებს ტატუს სახელმწიფო მოაშორებს – თანხა 48 ათას ლარს შეადგენს

არასრულწლოვანი მსჯავრდებულების და ყოფილი პატიმრების ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. ტატუს მოცილება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

როგორ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ტატუს მოშორებას 60 პატიმარი შეძლებს.

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი და განიცდიან დისკომფორტს. 

ტატუს მოშორება ყოფილი პატიმრებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა 2012 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა. წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა. 

მსგავსი თემები