მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმის შვილის მაჩხაანში, საფლავზე ჩასვლას გამორიცხავს

  •  

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამორიცხავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ძმის შვილი მაჩხაანში, სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე იმყოფებოდა. როგორც სუს-ის შენობასთან მაჩალიკაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ მსგავსი ვიდეო არსებობს, ეს უნდა ნახოს და პასუხებს მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს.

„თუ კადრებს ვნახავ, ამის მერე გავცემ კითხვას პასუხს, თუ რატომ და რისთვის იყო ჩასული. 1500 საქმეა რატომ და რისთვის შეიძლება ჩასულიყვნენ იქ. თუ იცოდნენ, რომ საფლავთან იყვნენ ჩასულები, სად იყვნენ… ფაქტზე დაეჭირათ. უბრალოდ, ეს არის ჩემი განადგურების მცდელობა. ეს არის ანგარიშსწორება. მთელი ხელისუფლება მებრძვის მე, ერთ ადამიანს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სუს-ში მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად, პანკისის ხეობაში ხეობელები შეიკრიბნენ და მას სოლიდარობას უცხადებენ.

„არავინ იფიქროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მისდამი შესუსტდა, პირიქით, ძლიერია და ახლა სუს-ის განცხადების და აუდიო ჩანაწერების შემდეგ უფრო გაძლიერდა… ვფიქრობ, რომ ვახა დაჩაგრულის პოზიციაშია. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს”, – აცხადებენ პანკისელები.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილისთვის ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა და მისი მკვლელობა კახეთში, გოგაშვილის მამის საფლავზე იგეგმებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ თუ მის მეუღლეს დააკავებენ, პარლამენტის წინ, კარავში მის მაგივრად თავად დაჯდება.

მსგავსი თემები