კავშირი ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებასა და გოგაშვილის შესაძლო აფეთქებასთან

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებასა და მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერში დაგეგმილ აფეთქებას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა, მინიმუმ, ამ ორ საქმეს ერთიდაიგივე დამგეგმავი ჰყავს.

„არ ვიცი, გავრცელებულ ჩანაწერში ნამდვილად მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს თუ არა, მაგრამ, რატომღაც პარალელი გავავლე ვაზაგაშვილის მკვლელობასთან. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ერთიდაიგივე დამრიგებელი ჰყავდა იმ ადამიანს, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა. სასაფლაო ყველასთვის წმინდა ადგილია ბუნებრივია, იქ ტერორისტული აქტი და მკვლელობა მიუღებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტი – ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც სასაფლაოზე მოხდა“ – აცხადებს მამუკა არეშიძე და პარალელებს ავლებს.

მისივე შეფასებით, თავის დროზე, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას სამართლებრივი შედეგი რომ მოჰყოლოდა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი დასჯილიყო, საქმე აქამდე არც მივიდოდა.

„აქედან გამომდინარე ვფიქრობ და არც გამოვრიცხავ, რომ ვიღაც, ვინც ინსტრუქციას ატარებდა თავის დროზე, ამ ვაზაგაშვილთან პარალელს იხსენებდა. თუმცა, შეიძლება, ეს არც ყოფილიყო ინსტრუქტაჟი და ყოფილიყო ფაქტის აღდგენა, ვაზაგაშვილის მკვლელობიდან გამომდინარე. აქ არის ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსზე საუბარი. საზოგადოებრივი აზრი დღეს არ არის მაჩალიკაშვილის წინააღდეგ. პირიქით, მისი მხარდამჭერია ძალიან ბევრი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ეს საქმე თავის დროზე , სამართლებრივ სივრცეში რომ მოგვარებულიყო, პოლიტიკურ სივრცეში არც გადავიდოდა. ბევრმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ადამიანმა თუ პოლიტიკურმა ძალამ მოინდომა ამ საქმეზე ქულების დაგროვება, შეიძლება ზოგან ფულის გაკეთებაც. საბოლოო ჯამში, ამ მიზეზებმა მიიყვანა ეს საქმე ასეთ რთულ ვითარებამდე“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ააფეთქეს.

მსგავსი თემები