„ტერორისტულ აქტზე დავალება გაცემულია“ – მამუკა არეშიძე მაჩალიკაშვილზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვლის ჩანაწერიდან, რომელიც სუს-მა გაავრცელა, ტერორისტული აქტის განხორციელებაზე დავალების გაცემა აშკარად იკვეთება. აღნიშნულთან დაკავშირებით არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა.

„რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობას, ამაზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ, ის რომ დავალება არის გაცემული იმისათვის, რომ მოხდეს ტერორისტული აქტი კონკრეტული პიროვნების წინააღდეგ ეს ამ საუბრიდან ჩანს“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მტავარში“.

ექსპერტი ჩანაწერის ისეთ კონკრეტულ დეტალებზეც საუბრობს, რომელიც ამყარებს მტკიცებას, რომ ჩანაწერი რეალურია.

„ჩანაწერში ზედმიწევნით, ზუსტი სიზუსტითაა დაცული კავკასიელების, მთიელების წესი უფროსისა და უმცროსის საუბარს შორის. ეს ჩანაწერია ნიუანსია, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი“ – აცხადებს მამუკა არეშიძე.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი კი, მისივე შეფასებით, ის არის, რომ საუბარში ემოცია არ იგრძნობა და ეს ჩვეულებრივი, საქმიანი განხილვაა.

„აქ იგრძნობა, რომ არავითარი ემოციას არ აქვს ადგილი. ეს არის ჩვეულებრივი, საქმიანი საუბარი სავარაუდო „ღონისძიებასთან“ დაკავშირებით. არ ვიცი, ვინ საუბრობს აქ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა თვითონ მაგალითად მაჩალიკაშვილის ქალიშვილის ნათქვამი, რომ მამაჩემის ხმა იყო მაგრამ არ მჯერა რომ ეს მამაჩემმა ილაპარაკა-ო. თვითონ მაჩალიკაშივლი ამბობს, რომ კი, შეიძლება ეს მე ვთქვი, მაგრამ ემოციური ვიყავი-ო. არ მჯერა ასეთი ემოციურობის, რადგანაც, ძალიან კარგად ვიცნობ კავკასიელ მთიელებს და მათ შორი ქისტებსაც და ემოცია შეიძლება იყოს მყისიერი. პანკისის სპეცოპერაციიდან დიდი დრო გავიდა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ემოციურობა აქ არაფერ შუაშია, ეს მაინც სერიოზული საუბარია, საქმიანი და გააზრებული“ – აღნიშნა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვლის მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე ისაუბრა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მიდის.

მსგავსი თემები