ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა.
„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ “ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.
ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად – აქ ანდრია პირველწოდებულმა სასწაულები მოახდინა, რის შემდეგაც მოინათლა მხარის მოსახლეობა. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს მე-10-11 საუკუნეებში. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.
ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი „ქართუ“ დაარსებიდან – 1995 წლიდან ახორციელებს. ქართუს მიერ 900-ზე მეტი კულტურული და ისტორიული ძეგლი და ეკლესიაა რესტავრირებული. მიმდინარე წელს ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 6 მილიონი ლარი. რეგიონში უკვე აღდგენილია 40-მდე ისტორიული ძეგლი. მათ შორისაა ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აღდგა გრუნტით დაფარული გამოქვაბულები და სამონასტრო კომპლექსი 20 %-ით გაიზარდა.