დავით ბაგრატიონი ანა დედოფალს ქონებას არ გაუყოფს, სასამართლო კი ვერდიქტს ხვალ გამოიტანს

ბაგრატიონების სამეფო ოჯახის დაპირისპირება ისევ განახლდა. ამჯერად, საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა, რომელიც ხვალ უნდა გამოცხადდეს. მიუხედავად სასამართლოს ვერდიქტისა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას არ აპირებს და შემდგომ ისტანციას მიმართავს.

„ჩვენი ისტორია დასასრულს უახლოვდება. პირველი სასამართლო დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და ჩვენი ინტერესი დაკმაყოფილდა. საქმე მოიხსნა განხილვიდან. ხვალ იქნება მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ქონებრივ დავას უკავშირდება. მოცემულ დავაში ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას ველოდებით. გარწმუნებთ, რომ ეს დავაც სასამართლოში ისევე დადნება ნაყინივით, როგორც პირველი საქმე დადნა“, – აღნიშნა დავით ბაგრატონ მუხრანელის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, რის გამოც „მეფის“ მხარე სასამართლო პროცესის მოგებაში დარწმუნებულია, შემდეგია: „ჩვენ, სასამართლოს სამი იმდაგვარი გარემოება წარვუგდინეთ, ერთის არსებობაც კი საკმარისია, ჩვენს სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება. პირველი მტკიცებულება თავად გრუზინსკების საიტიდან მოვიპოვეთ. თავად მათი ოჯახი ადასტურებდა, რომ წყვილი 2012 წელს დაშორდა და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სადაო ქონება თანაცხოვრების პერიოდში არ ყოფილა შეძენილი. მტკიცებულება მეორე: 2015 წელს, მხარეებმა ხელი მოაწერეს განქორწინების შეთანხმებას, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ერთ-ერთი მტკიცებულებაა. იქ წერია, რომ მხარეები ყოველგვარ ქონებრივ პრეტენზიაზე უარს აცხადებენ. და მესამე: ჩემს მარწმუნებელს არასდროს არსად უმუშავია, არც ბიზნესი ჰქონია. შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო მემკვიდრეობა და ჩუქება, რომელიც გაყოფას არ ექვემდებარება“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს ძვირადღირებულ ავტომობილებს – „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“ ედავება. დედოფლის მხარემ, აღნიშნული ქონება 190 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა.

მსგავსი თემები