ნომრის და სახის ამომცნობი 5 000-მდე კამერა და მძღოლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება – შსს-ს გეგმები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. საუბარია სიჩქარის გადაჭარბებაზე, მანქანის არასწორად გაჩერებაზე, ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზე ქულების ჩამოკლებასა და ნასვამ მძღოლებზე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

“ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 5 ათასამდე კამერა გვექნება. საუბარია სხვადასხვა ტიპის კამერებზე – ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ . ვაპირებთ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე, ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება. ასევე, როგორც იცით, ვგეგმავთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება მივაბათ ვიდეოკამერებს,”- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოკამერებით დაფიქსირებული ჯარიმების ქულათა სისტემაზე მიბმას პარლამენტის წევრთა უმეტესობა არ ეთანხმება.

მსგავსი თემები