“ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მიუღებელია და ვემიჯნებით მის ემოციურ განცხადებას“ – შეიხი მეუფის ქადაგებაზე

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა შეიხი მეუფე იობის ქადაგებას, დავით გარეჯთან დაკავშირებით, დაუფიქრებელს და ემოციურს უწოდებს. როგორც შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დადებითია, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის ქადაგება აზერბაიჯანულმა მედიამ არ გააშუქა და ქართულ მედიასაც იგივეს მოუწოდებს.

„ეს პრობლემა ისე უნდა იყოს მოგვარებული, როგორც ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას შეეფერება და შეშვენის. მეუფის განცხადებები იყო დაუფიქრებელ ფონზე გაკეთებული. მანამდეც იყო პოლიტიკოსების მხრიდან ემოციური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელიც. თუმცა, ეს არ წარმოაჩენს ქართულ პოზიციას. ეს არის ემოციურ ფონზე, დაუფიქრებელი განცხადებები, რაც ავნებს, როგორც ქართულ მხარეს,ისე აზერბაიჯანელებს“, – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეიხი ქართულ მედიას მოუწოდებს, აზერბაიჯანელ კოლეგებს მიბაძონ და მსგავსი ქადაგებები თუ განცხადებები არ გააშუქონ: „ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მეუფის ქადაგება აზერბაიჯანულმა მხარემ არ გააშუქა. მივესალმები ამას. რადგან მსგავსი განცხადებები მსგავსი განცხადებები არ წარმოადგენს ქვეყნის პოზიციას და პირიქით საქართველოს ინტერესების წინააღდეგ არის მიმართული, კარგი იქნება, თუ ქართული მედიაც არ გააპიარებს ასეთ საკითხებს“.

შეიხი, ასევე, ეწინააღმდეგება მეუფის ქადაგებს იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ თუ აზერბაიჯანული მხარე არასწორ პოლიტიკას გააგრძელებს, შესაძლოა, რელიგიური დაპირისპირებაც კი მოხდეს.

„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ვემიჯნებით და ვეწინააღმდეგებით მსგავს განცხადებებს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, აქ ვცხოვრობთ, წლები და საუკუნეებია საქართველოს მკვიდრი ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით რაიმე დაპირისპირება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვემიჯნებით მსგავს შეფასებებს“ – განაცხადა შეიხმა „მედეიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები