“ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა”- ვახტანგ გომელაური

სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები, როგორც საქართველოსთვის ისე კავკასიისა და ევროპისთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება.  

“ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს,”-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მინისტრის განცხადებით, 2018 წელს, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, უკანონოდ განთავსებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.

მსგავსი თემები