საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექიმები პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებზე სრულ ინფორმაციას არ აწვდიან.
„ამ პროგრამის მიმდინარეობა შევისწავლეთ და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინფორმაციას იღებენ, იღებენ ნაწილობრივ. სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქიდან იღებს“ – აღნიშნა მინისტრმა.
დავით სერგეენკოს, ჯანდაცვის ერთ-ერთ სუსტ რგოლად სწორედ პაციენტებამდე არასრული ინფორმაციის მიტანა მიაჩნია. აქედან გამომდინარე, მინისტრი შეფასებით, პროგრამების ეფექტური გამოყენებაც ვერ ხდება.
„პროგრამის მომხმარებლების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამიტომ თქვენი ჩართულობა არის კრიტიკული ამ ყველაფერში, “ – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ზოგიერთი ექიმის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება თავის შეწუხებას არ ნიშნავს: „ზოგი ექიმისგან მომისმენია, შეფასებები, რომ ჩვენ იმდენი სამუშაო გვაქვს, მაღალი ხელფასი არ გვაქვს და რატომ უნდა შევიწუხო თავი რომ პაციენტს დამატებით რაღაც ავიხსნა-ო. ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ორმხრივი მზაობა უნდა დავინახოთ“, – განაცხადა მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.