„თუ აზერბაიჯანი არასწორ პოლიტიკა გააგრძელებს, რელიგიურ კონფლიქტამდე მივალთ“ – მეუფის სკანდალური ქადაგება

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ თუ მეზობელი ქვეყანა არასწორი პოლიტიკის გამტარებელი იქნება, კონფლიქტი რელიგიურ ჭრილში გადაიზრდება. მეუფეს თქმით, ეს არ იქნება ხანმოკლე და ის იქნება მუდმივი კონფლიქტი. მან სასულიერო პირებს კონკრეტული ქმედებების გადადგმისკენ მოუწოდა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 18-ვე ტაძარში საჩვენებელი წირვა-ლოცვა ერთდროულად აღავლინეს. სასულიერო პირების მრავალრიცხოვანი დელეგაცია იქ, სწორედ, რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის თაოსნობით ჩავიდა. გადაწყვეტილება კი სამღვდელოებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ისტორიული კომპლექსის ერთი ნაწილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა თვითნებურად დაიკავეს. სასულიერო პირების მისვლისთანავე აზერბაიჯანულ მხარეს ვერტმფრენები გამოჩნდა.

„დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს გვართმევენ. წართმევა უნდათ, მაგრამ გააზრებულიც კი არ აქვთ, რას აკეთებენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი გაზი და ნავთობი გადის ჩვენს ქვეყანაზე. ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს. საქართველოსია ის, მაგრამ აქ დავით გარეჯას არანაირი პრობლემა არ ექმნება, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე, აქ საუბარია მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი,“ – განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას, მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნებიან.

„საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები