“სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის საზიანო შეცდომა” – თემურ მჟავია გენერლის განცხადებაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ეხმიანება და მას ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო შეცდომად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან სამი სამოქალაქო და ერთი ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთისგან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ თემურ მჟავიას განცხადებით, საქართველომ ერთი სამოქალაქო ომი და დანარჩენი კი ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციისათვის წარმოებულ ომებში იბძოლა მტრის წინააღმდეგ.

„ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას უთმობს ნომერ პირველ სახელმწიფოებრივ პრობლემას – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე გაყინულ კონფლიქტებად მოიხსენიება. 1997 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დღის წესრიგში ერთხელაც არ დამდგარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხი, არც პირდაპირ და არც ირიბად. საკვირველი და საწყენია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენელსა და საკმაოდ პოზიტიური ბიოგრაფიის პერსონას გამორჩა, რომ 1993 წელს აფხაზეთს, სოხუმის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, ქართული მხარის საბრძოლო პოზიციებს სისტემატურად ბომბავდა რუსეთის სამხედრო ავიაცია, ამასთან ქართული მხარის მიერ ტყვედ აყვანილთა შორის იყო არა ერთი და ორი, არამედ გაცილებით მეტი რუსეთის რეგულარული ჯარის წარმომადგენელი“ – აცხადებს დეპუტატი.

თემურ მჟავია იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და მხედრული ისტორიის შექმნაში, ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან ერთად გადახედავს საკუთარ პოზიციას, ვინც ნებსით თუ უნებლიედ, მსგავს, სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის საზიანო შეცდომას უშვებს.

მსგავსი თემები