„ქართულმა მარშმა“ მინისტრის სახელზე შსს-ში წერილი შეიტანა

„ქართული მარშის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „გეი აღლუმის“ ორგანიზატორებთან კონსულტაციებს აწარმოებს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა. ალტერნატიული წინადადებით „მარშმა“ შსს-ს დღეს ოფიციალურად მიმართა.

„დღეს შევიტანე ოფიციალური წერილი შსს-ში გიორგი გახარიას სახელზე. ვითხოვ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრას შსს-სა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც „გეი აღლუმის“ ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. დიალოგი „გეი აღლუმის“ ორგანიზატორებსა და შსს შორის უკვე დაწყებულია. რამოდენიმე სამუშაო შეხვედრაც შედგა“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება შსს-ში შეხვედრის მოთხოვნას, ბრეგაძის განმარტებით, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ძალოვან უწყებას დაუსაბუთონ, რატომ არ უნდა ჩატარდეს საქართველოში „გეი აღლუმი“.

„ჩვენ წარვუდგენთ შსს-ს არგუმენტებს და დოკუმენტაციას, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს „გეი აღლუმი“. ასევე, ჩვენ არ გავურბივართ „გეი პრაიდის“ ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრას. მზად ვართ, მათთან დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ. მათ ცივილიზებული ფორმით შევთავაზბთ და ავუხსნით, რომ აღლუმი არ უნდა ჩატარდეს. სხვა ღონისძიებებს არ ვეხებით, რაც უნდათ, ის გამართონ. თეატრალიზებული წარმოდგენები იქნება თუ კონცერტები, შეუძლიათ, თავიანთი გეგმები განახორციელონ. მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები