„ეს დროებითი სიმშვიდეა, საკითხი ორმხრივმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს“ – ვითარება დავით გარეჯში

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, ამ ეტაპისთვის, ვითარება დამშვიდდა, თუმცა, როგორც სასულიერო პირები, ისე საკითხში ჩახედული სპეციალისტები აცხადებენ, ეს სიმშვიდე დროებითია. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, საკითხის გადასაწყვეტად, ორმხრივი კომისია შეიქმნას.

მთავარი, რის გადაწყვეტასაც ექსპერტები აყენებენ, შემდეგია – ვის ეკუთვნის კომპლექსი.

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს ათავსებენ“ – აცხადებს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი.

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ კი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რომ სანამ ორმხრივი კომისია არ შეიკრიბება და საკითხს არ მოაგვარებს, პრობლემა არასდროს დასრულდება.

„აზერბაიჯანული მხარე არ გაჩერდება და სწორედ ეს არის სახიფათო ამჯერად. ეს მარტო გარეჯს არ ეხება. უნდა გაირკვეს ვისია ეს ძეგლი. აზერბაიჯანული მხარე ფიქრობს, რომ ეს არის აზერბაიჯანული ძეგლი და ამიტომაც იბრძვის და არ თმობს. საჭიროა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარდება, სადაც დაფიქსირდება, რომ ეს არის ქართული კულტურის ძეგლი. ჩვენ უნდა ავხსნათ. პატრიარქი აზერბაიჯანელთა სულიერი ლიდერის მეგობარია და ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ ბაქოში. საკითხის გადაწყვეტას სჭირდება ორმხრივი კომისია, აზერბაიჯანის ხელისუფლება და ეკლესია, ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია და აზერბაიჯანელთა მუსლიმი მუფტის მონაწილეობით“, – განუცხადა ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

„მედიაცენტრი მთავარი“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსაც დაუკავშირდა და აღნიშნულ თემაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. თუმცა, შეფასებისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ საკითხში ჩართვა მათთვის არავის უთხოვია, არც კომისიის შესახებ სმენიათ რამე და თუ კომისიის მუშაობაში ჩართვას სთხოვენ, დაფიქრდებიან.

ამ ეტაპისთვის, მონასტრის მიმდებარედ დაძაბულობა მოხსნილია და მომლოცველებიც და ტურისტიც ჩვეულებრივ გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტერი გადაკეტა და სასულიერო პირებსა და დამთვალიერებლებს მონასტერში არ უშვებდნენ.

მსგავსი თემები