თბილისის ზოოპარკს ცხოველებს კი ჩუქნიან, თუმცა, ტრანსპორტირება 150 000 ევროც კი ჯდება

თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველების ტრანსპორტირება ერთ-ერთი ძვირადღირებული საქმეა, რომელიც 150 000 ევროც კი ჯდება. ცხოველების ტრანსპორტირება კი იგივენაირად ხდება, როგორც ამანათის – შეუკვეთავ და ჩამოგიყვანენ.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ზოოპარკისთვის ცხოველის ყიდვა და ჩამოყვანა რთული პროცესია.

„ცხოველის ყიდვა და ჩამოყვანა ძალიან რთული პროცესია. ტრანსპორტირებისას ითვლიან არა ინდივიდების რაოდენობით, არამედ დაკავებული ადგილის, ფართის ოდენობას ანუ მოცულობას. მაგალითად, ერთი მარტორქას თბილისამდე ჩამოყვანა დაახლოებით 150 ათასი ევრო ჯდება,” – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მისი თქმით, თბილისის ზოოპარკს ორი სახეობის მაიმუნი შეემატა, რომელთა ღირებულება 4-5 ათასი ევროა.

“მაიმუნების ორი სახეობა ჩამოვიყვანეთ – მაკაკები და პავიანები. ისინი მარტივად მოსავლელები არიან და არ სჭირდებათ თბილი სახლები და ასე შემდეგ. ისინი ძალიან კარგად იტანენ დაბალ ტემპერატურას და ცუდ ამინდს. მაკაკები და პავიანები, დაახლოებით 4-5 ათასი ევრო ღირს. მარტო მისი ჩამოყვანა საკმაოდ დიდ თანხებზე ადის,” – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები