თბილისის მერია, მერი კახა კალაძის მოადგილეების და ვიცე-მერის ხელფასებს ასაჯაროებს. მაგალითისთვის, თუ ყოფილი მერის პირველი მოადგილის ხელფასი იყო 89.243 ლარი, დღევანდელი მერის პირველი მოადგილის მერის ხელფასი 13.643 ლარით ნაკლებია და 75.600 ლარს შეადგენს (სრული ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე).
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, 2018 წელს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე, ვიცე-მერმა, ხელფასები მოიმატეს. დაახლოებით, საუბარი იყო 113 და 119%-ით მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. განმარტებას არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ თბილისის მოსახლეობისთვის ვაკეთებ, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ,”-განაცხადა დედაქალაქის მერმა.