„ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკია თუ არა, დადასტურებული არ არის“ – ჯიბღაშვილის ადვოკატი

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ამ დრომდე იზოლატორში იმყოფება. როგორც მისმა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი მანქანიდან ამოღებული ნივთიერებები ნარკოტიკია თუ არა, დაზუსტებული არ არის.

„საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა დღეს არის დაგეგმილი. სწორედ დღეს იქნება მეტი სიცხადე საქმესთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და ავტომანქანიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც გარკვეული ნივთიერებები იყო მოთავსებული. ამ ნივთიერებების შემადგენლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის“ – განუცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

კითხვაზე, რატომ ჰყავთ დაკავებული, თუ მის მანქანიდან ნარკოტიკები არ ამოუღიათ, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას.

„დაკავებული იმიტომ ჰყავთ, რომ სს საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს ამას. როცა პირზე ეჭვი არსებობს, რომ შესაძლებელია ეს ნივთიერება იყოს ნარკოტიკული ნივთიერება, ვიდრე მისი შემადგენლობა არ დადგინდება, დაკავებული იქნება“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე თქმით, ჯიბღაშვილს ჯერ ბრალი ბრალი წაყენებული არ აქვს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან და შეეცდება, ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს“ – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.

მსგავსი თემები