გინება მოდური არ უნდა გავხადოთ, თაობა მოგვთხოვს ამაზე პასუხს“ – შოთა ხაბარელი

„ბილწსიტყვაობა მოდური არ უნდა გავხადოთ, დრო მაინც ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. თუმცა, ხვალ უკვე თაობა მოგვთხოვს პასუხს, რატომ არ ამოვიღეთ ხმა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავართან“ და ყველას, ვინც ბილწსიტყავობითა და ქუჩური ტერმინოლოგიით მედიიდან „გვმოძღვრავს“, მოუწოდებს სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ.

„ყველას, ვინც პირდაპირ ტელეეთერებიდან და მედიასაშუალებებიდან, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან გინების ენით, შეურაცხყოფითა და გადასაგდები ტერმინოლოგიით გვესაუბრება, მინდა ვკითხო – თქვენ ნამდვილად მოგწონთ თქვენი ტერმინილოგია? ფიქრობთ და ცდილობთ, რომ ეს უნდა იყოს დღევანდელი სალაპარაკო ენა? ეს უნდა იყოს ადამიანებს შორის საურთიერთობო ენა? ნუთუ ვერ ხვდებით, რა ბინძურ მაგალითს აძლევთ ბავშვებს, ახალგაზრდებს, რომელიც 21-ე საუკუნეში, საინფორმაციო საშუალებებიდან ბევრ სიბინძურეს იღებენ.

ნუთუ ვერ აცნობიერებთ, რომ ეს ტერმინოლოგია არა თუ ტელეეთერით, არამედ ქუჩაშიც კი არ უნდა მოვისმინოთ, თქვენ გადასაგდები ტერმინოლოგიით საუბრობთ ჩემო ბატონებო და ამით თაობებს დაღუპავთ. დიახ, დაღუპავთ ახალგაზრდებს რომლებიც ტელეეთერებიდან მაგალითს იღებენ და შემდეგ მათი ტერმინოლოგით საუბრობენ. თუ თქვენ ეს სიბინძურე მოგწონთ, საკუთარ შვილებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს ესაუბრეთ ამ ტერმინოლოგიით.

გირჩევდით, ბილწსიტყვაობის ნაცვლად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაზე გემუშავათ, აი, ამას კი ნამდვილად დაგიფასებდათ თაობა. ნამდვილად არ ვფიქრობ, ჩემს კოლეგებს, რომლებიც ბილწსიტყვაობაზე ხმას არ იღებენ და ამართლებენ კიდეც, მოსწონდეთ ის გადასაგდები ტერმინოლოგია, რომელიც დღეს ნიაღვარივით მოემართება ტელეეთერებიდან.

დიაც, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ეს უმსგავსობა და თუ საჭიროა, რეგულაციებიც უნდა გავამკაცროთ რომ ახალგაზრდები და ბავშვები არ მოვწამლოთ. მეტი სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება და ნაკლები სიბინძურე, გინაბა და გადასაგდები ტერმინოლოგია“ – აცხადებს შოთა ხაბარელი.

მსგავსი თემები