პანკისში ვითარება უკიდურესად გართულდა – მოსახლეობა ქვებით, პოლიცია გაზით

თელავში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პანკისელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, პანკისის ხეობაში ვითარება გართულდა. ხელკეტებით შეიარაღებული ადგილობრივები სამართალდამცველების მხრიდან დამატებითი ძალების გადასროლას აპროტესტებენ, მათ გაყვანას ითხოვენ და ხელკეტებითა და ქვებით უპირისპირდებიან.

ამ წუთებში, პანკისის ხეობაში დამატებითი შეიარაღებულ ძალებს კიდევ ამატებენ.

პოლიციის ერთ-ერთ მანქანას ცეცხლიც კი წაეკიდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ე.წ. რეზინის ტყვიებიც გამოყენეს. სპეცტექნიკა ადგილზე შეკრებლი მოსახლეობის დაშლას ცდილობს.

რაც შეეხება თელავში დაწყებულ მოლაპარაკებას, მასში მონაწილეობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ღებულობს.

დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები როგორც ადგილობრვები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივი უხუცესები მოსახლეობას უკან დახევისკენ მოუწოდებენ, რომ სპეცრაზმელებს არ მიუახლოვდნენ რომ ტრაგედია არ მოხდეს. სპეცრაზმელებმაც უკან დაიხიეს და ისინი ერთმანეთის პირისპირ, რამდენიმე მეტრის დაშორებით არიან განლაგებულები.

„ჩვენ აჯანყებას მოვაწყობთ თუ არ შეჩერდებიან. მივმართავთ დიპლომატებს, საპატრიარქოს, არასამთავრობოებს დაგვიცვან და მოგვხედონ. რად უნდოდათ ჯარის შემოყვანა, რატომ შემოიყვანეს. ჩვენ არ გვინდა ჰესის მშენებლობა და ამისთვის ჯარის შემოყვანა არ იყო საჭირო“ – აცხადებენ პანკისელები.


იმ ტექნიკას, რომელიც კომპანიამ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობსთვის შეიყვანა, ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს.

“არ დავთმობთ, ალაჰი ჩვენთან არის, სულით არ დავთმობთ” – აცხადებენ ადგილობრივები

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. მშენებლობა დღეს დილით დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

მსგავსი თემები