მდინარე ალაზანზე ჰესის მშენებლობა იწყება

დღეს, პანკისის ხეობაში, კომპანიები: „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ.

ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

როგორც კომპანიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და ის წელიწადში 27,5 მილიონ კლვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.

„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში“ – აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება სამუშაო ძალას, კომპანია 100 ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

„უახლოეს პერიოდში, ჰიდროელექტორსადგურების მშენებელი კომპანიები ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მემორანდუმის პროექტის თანახმად, ხეობისა და ჰესის მიმდებარედ, განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალური პროექტები განხორციელდება. კერძოდ, პანკისის ხეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. კომპანია „ფერი“ ასევე იღებს ვალდებულებას, გადაიტანოს არსებული 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი – ბირკიანი (ჰესის შენობიდან) დუისის მონაკვეთზე. აღნიშნული ხაზების გადატანის გამო, მოჭრილი გარკვეული რაოდენობის ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას“ – აცხადებენ კომპანიაში.

გარდა აღნიშნული ჰესისა, სხვა სოციალური პროექტების გარდა, კომპანია ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში 120 ათასი ლარის შეტანასაც გეგმავს.

მსგავსი თემები