„თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ“ – თამარ ხულორდავა

„ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა“ – ასე აფასებს ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საფრანგეთში, კარვებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქმედებებს, რომლებიც მონპელიეში თავშესაფარს ითხოვენ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის, რაც საფრანგეთში ხდება, საქართველოს ძალიან აზარალებს.

„ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ საქართველო არ იყოს აღიარებული “უსაფრთხო ქვეყნად”. ეს იცით რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ“ -ახადებს დეპუტატი.

მისივე განცხადებით, საქათველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სწორედ რომ რუსეთის ინტერესებში შედის: „ასეთი შედეგი პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ ეს შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი. მათ შორის ჩვენი ემიგრანტების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცა ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ ჩვენი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა“ – აცხადებს თამარ ხულორდავა.

მსგავსი თემები