“გალი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება” –  აფხაზეთის უმაღლესი საბჭო 

სოხუმიდან ოკუპირებული გალის რაიონში ნაგავსაყრელის გადატანასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწვავე განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო  ორგანიზაციებს მიმართავს. როგორც უმაღლესი საბჭოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სხვა ყველაფერთან ერთად,  ეკოლოგიური კატასტროფაც სახეზეა.  

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 აპრილს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის უტილიზაციის ღონისძიებების ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში განხორციელების შესახებ. ოკუპირებულ გალის რაიონში მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ მწვავე პროტესტს და მიმართავთ საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს რეაგირებისათვის, დეფაქტო ხელისუფლების მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად. იმ არნახულ დისკრიმინაციასთან ერთად, რომელსაც გალის ქართველი მოსახლეობა  განიცდის კარგა ხანია, სოხუმიდან გალში ნაგავსაყრელის გადატანით, იგი აშკარა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეც აღმოჩნდება” – აცხადებენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს ქართველი ეროვნების მოქალაქეების მიმართ სეპარატისტული ხელისუფლების მორიგ  წინასწარგანზრახულ და ცინიზმით გაჯერებულ დისკრიმინაციულ ქმედებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით დაიცვან ფიზიკური და სულიერი სეგრეგაციის მდგომარეობაში მყოფი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის უფლებები, არ დაუშვან ვითარების კიდევ უფრო გამწვავება.

მსგავსი თემები