საკუთარ ეზოში მოტეხილ ბზის ტოტსაც ნებართვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება

გაფრთხილება საქართველოს მოსახლეობას – რა უნდა ვიცოდეთ კოლხულ ბზასთან დაკავშირებით, რომ გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად ადმინისტრაციული ან სს პასუხისმგებლობა არ დაგვეკისროს? აღნიშნულ პრობლემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა.

„რადგანაც, დეკორატიული თვალსაზრისით, ბზა ფართოდ არის გავრცელებული კარმიდამო ნაკვეთებში, მუნიციპალურ ტერიტორიებზე, კერძო საკუთრებაში ბზის მოპოვება დასაშვებია, თუმცა, მას. წარმოშობის ცნობა აუცილებლად უნდა ახლდეს . ამ ცნობას კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ“ – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ეს ცნობა საჭირო იმისთვის, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბზის წარმომავლობა გაარკვიონ.

„ცნობა გარემოს დაცვის და ზედამხედველობის დეპარტამენტს დაეხმარება, გამოარკვიოს ბზის მოპოვების ადგილი, რომ ის ბუნებრივ გარემოში კი არ არის მოპოვებული, არამედ, ხელოვნურად გაშენებული ნარგავებიდან. მოსახლეობას ვთხოვთ, ქოთანში გამოყვანილი ბზები შეიძინონ და ეს გამრავლებასაც შეუწყობს ხელს. ბზის ქოთანში გამრავლება ძალიან მარტივია“ – აღნიშნა იორდანიშვილმა „მთავარში“.

სად უნდა შევიძინოთ ბზა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შემთხვევით, დანაშაულის მონაწილეები არ აღმოვჩნდეთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები შემდეგია: „როდესაც ტაძარში მივდივართ ბზობის დღესასწაულზე, შეგვიძლია, სულაც რამოდენიმე ტოტი ავასხლათ, რადგან ძალიან კარგად იტანს ეს მცენარე გასხვლას, კრეჭვას და ეს ტოტები წავიღოთ ეკლესიაში. შემდგომ, შეგვიძლია, ეს ტოტებიც დავაფესვიანოთ და გავამრავლოთ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ, პირველ რიგში, ტყის ტერიტორიაზე და ბუნებრივ გარემოში ბზების დაზიანებისაგან ან მოჭრისგან. მოვუწოდებთ, ნუ შეიძენენ ასეთ მოჭრილ ტოტებს, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ის კანონიერად არის მოპოვებული. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გამყიდველს მოსთხოვოს ცნობის წარმოდგენა, რაც დაგვარწმუნებს, რომ ეს არის ნამდვილად კანონიერად მოჭრილი“.

ბზობის დღესასწაულიდან გამომდინარე, შესაბამისი ჯგუფები, მორიგეობას 24 საათიანი რეჟიმში აწესებენ. გარდა იმ პუნქტებისა, სადაც ბზა გაიყიდება, კონტროლი თბილისში შემომავალ ტრანსპორტსაც შეეხება, რომლითაც, შესაძლებელია, უკანონოდ მოჭრილი ბზა შემოიტანონ.

მსგავსი თემები