კიკვიძის პარკში, მშრალ შადრევანსა და სხვა ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკში, საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი მოეწყობა.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება.

“პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება,”-განაცხადეს თბილისის მერიაში.

კიკვიძის პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები