პრეზიდენტი ტენილი ყველის საწარმოს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს ეწვია, მესხური ყველის ,,ტენილი” წარმოებას დაესწრო და ზაზა ივანიძის ბიომეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ამის შესახებ მდიაცენტრ «მთავარს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანია წარმატებული ოჯახების მაგალითზე ახალგაზრდობას დაანახოს სოფლის მეურნეობაში დასაქმების უდიდესი პერსპექტივები.

ზაზა ივანიძემ პრეზიდენტს ძველი, მესხური ტრადიციული კერძები გააცნო და მესხური შოთი, ხაჭაპური, აპოხტი, აპოხტის ხინკალი, მაწონი, თუთის ტყლაპი, თუთის ბაქმაზი, თაფლი, ნიგვზის და სელის გოზინაყი, ფახლავა, ჩირები, ჩურჩხელა დააგემოვნა.

პრეზიდენტი ასპინძასაც ეწვია და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოების პროცესს დაესწრო. ყველს კომპანია “მზიანეთი” კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად აწარმოებს და პროდუქტი ძველი ტრადიციული მეთოდით, ახლად მოწველილი საღი რძისგან მზადდება.

«საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2013 წელს ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჭობარეთში ტენილი ყველის წარმოების გარდა, აგროტურიზმის განვითარებაც ხორციელდება. სალომე ზურბიშვილმა ტენილი ყველის წარმოებასა და კუთხურ სამზარეულოსთან ერთად, სამ საუკუნოვანი ,,მესხური ოდა” და მესხური ფურნე დაათვალიერა“,  – ვკითხულობთ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები