ტერენტი გრანელი პროზაიკოსი იყო, თუ პოეტი?- ხელჩართული ჩხუბი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე

„სიტყვის თქმა არ დამამთავრებინა, დედაზე შეიგინა და ხელიც დამარტყა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, – განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა როინ ზოიძემ. მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრს შენიშვნა გინების გამო მისცა, რასაც მისი მხრიდან მორიგი შეურაცხყოფა მოჰყვა.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, როინ ზოიძის შეკითხვა გახდა. მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, ენმ-ს წევრმა პატარიძეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსიო. შეკითხვას პატარაძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ენმ-ს წევრი როინ ზოიძე. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მოგვიანებით, ფაქტზე კომენტარი ირაკლი პატარიძემაც გააკეთა. მან  საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი,“ – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა.

მსგავსი თემები