„სილა გამაწნეს, გული მატკინეს, იმედი გამიცრუეს“ – ცნობილი მევიოლინეს ემოციური განცხადება

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე  ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიას ხელოვნებისადმი ინერტულ დამოკიდებულებაში, შეთანხმების დარღვევასა უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ემოციურ განცხადებას აკეთებს.  

„სილა გამაწნეს, გული მატკინეს, იმედი გამიცრუეს“ – ასე შეურაცხმყოფველად აღიქვა გერმანიაში მოღვაწე ქრთველმა  მევიოლინემ იმ ტელევიზიის საქციელი, რომელმაც, საქართველოში ჩამოსვლისას, ოჯახთან ერთად  ეთერში მიიწვია, მოგვიანებით შეთანხმებული დრო შეუცვალა და კიდევ უფრო მოგვიანებით კი გააფრთხილა, რომ თუ სხვა ტელევიზიაში წავიდოდა, საერთოდ აღარ მიიწვევდნენ.

მევიოლინე ტელევიზიის სახელს შეგნებულად არ ასაჯაროვებს. მუსიკოსის თქმით, ქართულ ტელევიზიებს ხელოვნება არ აინტერესებთ, მათი ინტერესის სფერო მხოლოდ სკანდალი და გარყვნილებაა.

„ამგვარი ულტიმატუმები არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ტელევიზიის შეურაცხყოფაა. კრიმინალი რომ ჩავიდინო, ან სცენაზე გავიხადო, მაშინვე ყველა ტელევიზია და ყველა გადაცემა აუცილებლად მიმიწვევს. გერმანიაში, როდესაც ქართველები უამრავ დანაშაულს სჩადიან, ვცდილობ ჩემი ქვეყანა სხვა, კარგი კუთხით წარმოვადგინო. რატომ არ შეიძლება, საქართველოში უხაროდეთ ის, რასაც მე , ერთი ადამიანი, ჩემს ოჯახთან ერთად, საქართველოს პოზიტიურად წარმოსაჩენად  ვაკეთებ? საქართველოში ტელევიზიებში რომ მიგიწვიონ,  მაინცდამაინც უნდა გავიხადო და სცენაზე დედიშობილა ვიდგე? ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისიც კი მითხრა, ვერ დაგპირდებით, რომ თქვენს კონცერტს პირდაპირ ეთერში გავაშუქებთ,  თუმცა, თუ რაიმე კრიმინალი მოხდება, ან ვინმეს მოკლავთ, მაშინვე გამოვიქცევითო. მან მითხრა, დაჭერით ვინმე და გპირდებით, რომ აუცილებლად გაგაშექებთო. ეს სამარცხვინოა, ამგვარი დამოკიდებულება ჩემი გერმანელი მეუღლისთვის წარმოუდგენელი, გაუგონარი და აუღწერელია“, – აცხადებს მუსიკოსი.

მისივე თქმით, საქართველოს ტელევიზიები ნეგატივზე ორიენტირებენ და ნაკლებ დროს უთმობენ ხელოვნებას, ნიჭიერ შემსრულებლებს.

„მე არ გავცემ სკანდალურ ინფორმაციას, არ ვარ ჩასაფრებული, მე მხოლოდ მუსიკას და პოზიტივს გავცემ. მე დღეს დამჩაგრეს, ძალიან დამჩაგრეს, ნახეთ, ვინ ხდება პოპულარული, ვის იწვევენ გადაცემებში. საქართველოში უნიჭიერესი შემსრულებლები გვყავს, მაგრამ ეპატიჟებიან იმათ, ვინც ნოტსაც კი ვერ იჭერს, დააფასეთ კარგი ქართველები, ისეთები, რომლებიც საქართველოსთვის კარგს აკეთებენ. მე მუსიკოსი ვარ და არა პოლიტიკოსი“, – განაცხადა ბელა ბერკემერმა.

მევიოლინე გული სწყდება  იმაზეც, რომ მის გერმანელ მეუღლეს, რომელსაც საქართველო უზომოდ უყვარს და გერმანიაში კონცერტებზე ქართულ სიმღერებს მღერის, საქართველოს ტელევიზიაში არ ეპატიჟებიან. ეს მაშინ, როცა გერმანული ტელეკომპანიები დიდ პატივს სცემენ, იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში, პატივით მასპინძლობენ შოუებში, ემსახურებათ ტრანსპირტი  და იჩენენ დიდ ყურადღებას.

ბელა მახარაძე-ბერკემერს გული სწყდება, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში, ხელოვანმა წყვილმა, მინიმალურ ფასად ერთი კონცერტის გამართვაც კი ვერ მოახერხა.

„ადამიანები ერთმანეთს ძალიან ვტკენთ გულს, მე დღეს მართლა გული დამიკოდეს. მინდა, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, უზომოდ მიყვარს ჩემი ქართველები, მაგრამ ეტყობა არ ვყოფილვარ საამაყო, როდესაც ტელევიზია ასეთ ულტიმატუმს მიყენებს“,-განაცხადა მან.

ეს ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით, მისსავე ფეისბუქ-გვერზე ქართველებისადმი სითბოთი და მონატრებით სავსე პოსტი განთავსდა, სადაც მუსიკოსმა 21 აპრილს თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისი ოჯახის სოლო კონცერტი დააანონსა.

„მინდა მოგეფეროთ და თქვენგან წამოსულილი ეს დიდი სიყვარული, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნოთ უსაყვარლესო ქართველებო. მაპატიეთ და მომიტევეთ გუშინდელი ჩემი ემოციური ჩართვისთვის. გახსოვდეთ, რომ მე თქვენ უზომოდ გაფასებთ, მიყვარხართ და მიხარიხართ,“ – დაწერა თავის პოსტში მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ბელა ბერკემერ-მახარაძე გახლავთ გერმანიაში მცხოვრები მევიოლინე, მისი მეუღლე, არის გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი უვე ბერკემერი. ოჯახი 21 აპრილს თბილისის კონსერვატორიაში კონცერტს მართავს, სადაც, პირველად, ბერკემერები  ქალიშვილებთან – ნინასტან და მარისთან  ერთად  მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი თემები