„ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა

„ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა. დღეს დაგეგმილია ათი მძევლის გათავისუფლება, კიდევ ათი მძევალი კი უკვე ხვალ დატოვებს ღაზის სექტორს. პარალელურად, ისრაელის ციხეები დღეს და ხვალ 60 პალესტინელმა უნდა დატოვოს.

სამშვიდობო ზავის გახანგრძლივების მიუხედავად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის ხმა მაინც ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი. „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზავი ისრაელმა დაარღვია და მათ საპასუხო ცეცხლის გახსნა მოუხდათ.

ცნობისთვის, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან 53-ე დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ანკლავის მცხოვრებლებს გაცილებით მეტი დახმარება სჭირდებათ, ვიდრე დღეს ღაზაში ჩააქვთ. ამასთან, ისრაელის ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ ომის გაგრძელებას „ჰამასის“ განადგურებამდე აპირებს და სამშვიდობო ზავი დროებითია.

მსგავსი თემები