კახა კალაძე: „ლადო კახაძე როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც“

„მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ბატონ ლადო კახაძეს, სიკეთით სავსე ადამიანს, რომლის პროფესია არის უზენაესი სიკეთე, სიცოცხლის გადარჩენა,“ – ასე გააცნო დღეს მთაწმინდის რაიონს საკუთარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ.

„პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე, სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით. სწორედ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულებაა ის, რაც ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობას და მითუმეტეს პოლიტიკას ძალიან აკლია,“  – განაცხადა კალაძემ.

ამომრჩევლის წინაშე თბილისის მერმა მთაწმინდის რაიონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ისტორია, სწორედ აქ, ამ ისტორიულ უბანში იწერებოდა და იწერება დღესაც.

„დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში,შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათა მკვლელ ომს, თუ სამოქალაქო დაპირისპირებას, ადგილი აღარ ექნება ტრიბუნიდან შუღლისკენ მოწოდებებს, ადგილი აღარ ექნება ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და სწორედ 9 აპრილის იდეალებით ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის საქმეს“ – მიმართა ამომრჩეველს დედქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

 გამოსვლის დასასრულს კალაძემ დეპუტატობის კანდიდატს მიმართა და განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„ბატონო ლადო, თქვენ იცით, რომ მთაწმინდაზე ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან მის მდიდარ არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით არსებული პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად და გასავითარებლად. მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და ჩვენ თქვენთან ერთად, მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა ავითვისოთ, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელების თანადგომით, თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით, თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება. თბილისი აუცილებლად იქნება სისოცხლით, ტრადიციებით, კეთილდღეობით სავსე ქალაქი და ამას ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად შევძლებთ!“ – განაცხადა თბილისი მერმა.

მსგავსი თემები