ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

როგორც პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას; პატრიარქს ივანიშვილმა განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან მის უწმინდესობას დაჰპირდა, რომ პედაგოგების ხელფასები გახდება ღირსეული.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ოჯახის როლს და აღნიშნეს, რომ სტაბილური და ძლიერი ოჯახები ქვეყნის სტაბილურობის განმაპირობებელია.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზად არის, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი თემები