მერიამ 20 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მეტროს სადგურებზე და მეტროს ვაგონებში, მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, ბოლო დროს, მეტროში არსებულ მდგომარეობასთან და ვაგონების დაზიანებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა მსგავსი შემთხვევები ახალი არ არის და წლების წინაც ხდებოდა. მისი თქმით, 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებისთვის.

„დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა და სადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში, მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გავხადოთ, ხოლო მეტროს სადგურები და ვაგონები რეაბილიტირებული და განახლებული იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები