„1991- 2011 წლები საქართველოს ისტორიაში დაღმავლობის ხანაა“ – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან “ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ხელისფლებაში ყოფნის პერიოდი მიმოიხილა. მისი თქმით, 9 აპრილის სულისკვეთების შენარჩუნება ქართველმა ხალხმა მხოლოდ 2 წელი შეძლო. 1991 წლიდან 2011 წლამდე ერთიანობის სულისკვეთება ნელ-ნელა გაქრა და ქვეყანამ დაღმავალი გზით დაიწყო სვლა.ყველაზე მკვეთრი ვარდნა, ივანიშვილის აზრით, ქვეყანამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას განიცადა.

„1989 წლის აპრილიდან 1991 წლამდე ჩვენ მართლაც მოვახერხეთ 9 აპრილის სულისკვეთების და აღტკინების მიტანა.გამოვაცხადეთ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის შემდეგი 21 წელი, 2011 წლამდე, თავდაღმართში სვლაა. ამ დროს უკეთესობიდან ჩვენ მივიღეთ უარესი. უკეთესობა იყო გაერთიანებული ქართველი ერი ასეთი დიდი სულისკვეთებით. ეს ჩვენთვის დღესაც კი საოცნებოა. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ სამოქალაქო ომი. ჩვენ მოვახერხეთ და ერთმანეთს დავერიეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დავამხეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კრიმინალებსაც ვამართინეთ ქვეყანა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ უშუქობაში გვეცხოვრა, ჩვენ მოვახერხეთ ისიც, რომ ჩვენშივე გამოზრდილი, დიქტატორიბისაკენ მიდრეკლილი ხელისუფალი მოვიყვანეთ და საბოლოო ჯამში იმ  წარსულ წლებზე ასე ვთქვათ, პასუხიც კი გვაგებინა საზოგადოებას ჩვენივე ხელისუფლებამ. მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ პირველ რიგში გამოუცდელობა იყო, ჩვენ დიდხანს ბოლო ისტორიის მანძილზე არ გვქონდა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი სამშობლოს მართვის გამოცდილება – ამას ჩვევები სჭირდება, ამისთვის საზოგადოება არ იყო მომზადებული,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები