უსაფრთხოა თუ არა თბილისის მეტრო და რა ჯდება ახალი ვაგონების შეძენა – ექსპერტი

მეტრო თბილისის მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, ყველაზე მოთხოვნადია. დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტით დღეში, 300-400 ათასი ადამიანი სარგებლობს. გახშირებული საცობების პირობებში, ქვეითები ოპერატიულობის თვალსაზრისით მეტროს ანიჭებენ უპირატესობას. მათ იმედი აქვთ, რომ დანიშნულების ადგილას ზუსტად გათვლილ დროში და უსაფრთხოდ მივლენ. ბოლო ხანებში, თბილისის მეტროში გახშირდა ავარიული შეფერხებები. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, – რამდენად უსაფრთხოა თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობა დღეს? ამ პრობლემაზე “მედიაცენტრ მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის“ დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი ესაუბრა.

– თბილისის სატრანსპორტო კომპანია გვარწმუნებს, რომ უსაფრთხოა, მაგრამ რასაც ვხედავთ, საპირისპიროზე მეტყველებს. ბოლო ხანებში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა მატარებელი გაუმართაობის გამო გაჩერდა. კომპანიას არ განუმარტავს ზუსტი მიზეზი, თუ კონკრეტულად რა სახის გაუმართაობას ჰქონდა ადგილი და რატომ დაუშვა კომპანიამ გაუმართავი მატარებლის გამოსვლა ხაზზე. 

– ვინ არის პასუხისმგებელი გაუმართავ მატარებელზე?   

– ვაგონები 1974-1992 წლებშია გამოშვებული. მათ გავლილი აქვთ მოდერნიზაცია, ექსპლუატაციის ვადის გაგრძელებით. ასევე, მათ პერიოდულად უტარდებათ ტექნიკური შემოწმება, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შემოწმების ხარისხი ვერ განაპირობებს სტაბილურ მუშაობას. ეს, პირველ რიგში, არის დეპოს მუშაობის შედეგი. დეპომ უნდა უზრუნველყოს გამართული მატარებლის ხაზზე გამოსვლა.

– რას იტყვით თავად მეტროს მემანქანეების კვალიფიკაციაზე?

– ყველა მემანქანე პროფესიონალია. ისინი მომზადების პროფესიულ კურსს გადიან. შემდეგ პრაქტიკას და გამოცდებს აბარებენ. 

– მეტროს ახალი ვაგონების შეძენა რამდენად შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტის პირობებში?

– ერთი ახალი ვაგონი 1.5-დან 2 მლნ აშშ დოლარი ღირს, შესაბამისად ერთი ახალი 4 ვაგონიანი შემადგენლობა 4.5 -დან 6 მლნ აშშ დოლარამდე დაჯდება. მარტო ვაგონების ყიდვა არ კმარა.

– რა არის საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად? 

– საჭიროა პერსონალის დატრენინგება და სარემონტო ბაზის შექმნა.​ ვინც იქნება ვაგონების მიმწოდებელი, იმ კომპანიის წარმომადგენლებმა უნდა ჩაუტარონ ტრენინგი პერსონალს. ასევე, უნდა შეიქმნას ახალი ბაზა. ახალ ვაგონებს შესაბამისად ახალი ბაზა სჭირდება, ანუ მომზადებული პერსონალი, სათადარიგო ნაწილების გარკვეული მარაგი, შესაბამისი ტექნოლოგიები მათი რემონტისთვის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ​აბსოლუტურად ვერ ახორციელებს ეფექტიან მენეჯმენტს. არ ახდენს პრობლემების ანალიზს, არ აქვთ შემუშავებული სტრატეგია.

თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში 53 წლის წინ, 1966 წლის 11 იანვარს შევიდა. ის მოიცავს 186 ვაგონს და ორ დეპოს. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და 3-ვაგონიანი საბურთალოს ხაზზე. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 – საბურთალოს ხაზზე.

დანარჩენი, საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად, სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე, შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.

ესაუბრა მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები