გმირების შეურაცხყოფილი მშობლები სალომე ზურაბიშვილს – პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, გმირების სახელებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მიღებაზე ამ ისტორიული მოვლენის გმირის, თამარ ჭოველიძის, გვარი არ ახსენა, ეკა ბეჟანიშვილის დედა კი მიღებაზე საერთოდ არ მოუწვევიათ. თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეურაცხყოფილმა მამამ თქვა, რომ დარბაზში მისთვის სკამიც კი არ იყო გათვალისწინებული.

„ჩემი ცხოვრების მიზეზიც და მიზანიც ისაა, რომ თამრიკოს სახელი იყოს დაუვიწყარი. პრეზიდენტისთვის, ალბათ, არაფერს არ ნიშნავს, თუმცა მისი სახელის გაგონება ჩემთვის ერთგვარი შვებაა. ვნანობ, რომ მე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩემი სურვილითა და ინიციატივით ვმონაწილეობდი, ხმაც მას მივეცი, რა ვიცოდი ასე უგულოდ თუ მომექცეოდა? ჩაიკითხა გმირთა სია და თამრიკო არ უხსენებია. გავთავდი კაცი. ამის შემდეგ მასთან არასდროს არცერთ შეხვედრაზე აღარ წავალ. მაქვს  დასაბუთებული ეჭვი, რომ თამრიკოს სდევნიან. ბოდიში რომ მოეხადა, მივიღებდი და ვეცდებოდი, გამეგო. ადამიანები ვართ და ყველა ვცდებით. ბოდიშის მოხდაც არ იკადრა,“ – აცხადებს შეურაცხყოფილი მამა.

არკადი ჭოველიძე იხსენებს გორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას 9 აპრილს გამართულ  მიღებას, სადაც გმირის მშობლების მიმართ მეტი პატივისცემა, ყურადღება და დაფასება იგრძნობოდა.

„გიორგი მარგველაშვილმა ბევრად მეტი ყურადღება მოგვაქცია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძობდი თანადგომას, პატივისცემას. მიგვაცილეს, გამოგვაცილეს, სკამებზე დაგვსვეს. ჩვენ ხომ მეტს არაფერს ვითხოვთ? წელსაც ასე ველოდი, თუმცა იმედგაცრუებული, შეურაცხყოფილი და გულმომკლული ვარ,“ – განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

პრეზიდენტის უყურადღებობაზე საუბრობს კიდევ ერთი გმირის, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედაც, ლალი ყაჩაველიც, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიღებაზე იმიტომ ვერ მიიწვიეს, რომ ტელეფონი მუდამ დაკავებული იყო და დარეკვა ვერ მოხერხდა. თავად ლალი ყანჩაველი კი ამბობს, რომ ტელეფონი მუშაობდა და ბოლო 2-3 დღის მანძილზე მას ჟურნალისტები აქტიურად ურეკავდნენ.

„არა მგონია, დარეკვა პრობლემა ყოფილიყო. თუ მირეკავდნენ ჟურნალისტები, რატომ ვერ დარეკეს მათ? მისამართი არ იცოდნენ? მოსულიყვნენ. არ იმსახურებდა ჩემი შვილი ამას? შეცდომა ყველას მოდის. ამ შეცდომის აღიარებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ მიჩვეული ვართ უყურადღებობას. ამ ხნის მანძილზე არცერთი ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული ყურადღება არ გვიგრძნია. უბრალოდ დასანანი და გულსაწყვეტია, გვტკივა ეს უყურადღებობა, მეტი არაფერი. ამით ჩემი შვილის ხსოვნას ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ სირცხვილია,“ – განაცხადა ლალი ყანჩაველმა.

რატომ იყო ასე მოუმზადებელი 9 აპრილის საპრეზიდენტო მიღება? ეს იყო პროტოკოლის მიერ დაშვებული შეცდომა, თუ თავად პრეზიდენტის უყურადღებობა? –  ამაზე საზოგადოებრივი აზრი არაერთგვაროვანია. მით უმეტეს, რომ თავად პრეზიდენტს ამ შეცდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ, განმარტა, რომ თამარ ჭოველიძე გმირთა სიაში ეწერა, მაგრამ პრეზიდენტს ამოკითხვისას გამორჩა. ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს კი ვერ დაუკავშირდნენ, რადგან ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა.

მიღების დასასრულს პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის სია ხელახლა წაიკითხა.

მსგავსი თემები