“შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული“ – ილია II 9 აპრილზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ​9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა.

ილია მეორემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში 1989 წლის მოვლენები და 9 აპრილის ღამე გაიხსენა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მას გააზრებული ჰქონდა და მზად იყო, რომ შესაძლებელია ეს დღე უკანასკნელი ყოფილიყო მისთვის.

მისივე თქმით, ქართველებს ახასიათებს საშიშროების წინაშე გაერთიანება.

„ეს გვახასიათებს ჩვენ, საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება და ეს თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს, ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ ჩვენ მტრულად არ ვიყავით განწყობილი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული. ეს იყო უმძიმესი საყურებელი“, – განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის შეფასებით, 1989 წლის 9 აპრილი იყო საოცარი თავდადების მაგალითი. მაგრამ მომავალში ამდენი მსხვეროლი აღარ უნდა დასჭირდეს ქვეყანას, საჭიროა იმის გააზრება, თუ ვინ არის მტერი.

„უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისთვის“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ქართველებს მოსმენის კულტურაც აკლიათ. იგი საზოგადოებას მოუწოედებს ერთმანეთს მოუსმინონ: “ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართველი ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება, სხვა ადამიანმა თქვას ჩემზე უკეთესი“.


მსგავსი თემები