,,ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო”- ირაკლი ბერაია

ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო – ჩვეულებრივ მარია ზახაროვას ანალოგი – ამ სიტყვებით თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდია მოიხსენია.

მისი თქმით, თეონა აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა.

,,ჯერ იყო და ის თქვა, რომ თურმე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა – იყო გაქცეული შოპინგზე ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით “პახმელიაზე” ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე მე ვთქვი, რომ განლაგებამ ან არგანლაგებამ შესაძლოა არსებითად დიდად არ შეცვალოს ისედაც მძიმე გარემო. როგორც ჩანს, არ იცის ამ ადამიანმა ამ სიტყვების მნიშვნელობა. როგორც ჩანს აქვს აღქმის და გააზრების პრობლემა.

ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო – ჩვეულებრივ მარია ზახაროვას ანალოგი, ჩამოყალიბდა არათუ ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად და სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი იყვნენ არათუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ კომიტეტთან მოახლოების  შესაძლებლობა.

რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე სახარბიელოდ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება – მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის და იქ გასკდომის და გამოთრობის საშუალება და იქ გაშხლართვის, შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს,“ – განაცხადა ბერაიამ.

მსგავსი თემები