იგივე რომ განმეორდეს, მაინც იქ ვიქნებოდი, სიკვდილიც რომ მელოდეს – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო – ასე უწოდებენ ლელა ვეფხვაძეს, რომელიც  1989 წლის 9 აპრილს, თავის ოთხ მეგობართან ერთად, პარლამენტის შენობასთან გამართულ მიტინგში მონაწილეობდა და ქართულ ფანდურზე მღეროდა. მას სიმღერა მაშინაც კი არ შეუწყვეტია, როცა რუსეთის ჯარის ნაწილები და მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ლელა ვეფხვაძეს სიმღერა “სალაღობო”, რომელიც ამ დღის სიმბოლოდ იქცა, ფონად გასდევს 30 წლის წინ გადაღებულ კადრებს. 

9 აპრილის საბედისწერო ღამეს, მასთან ერთად კიდევ სამი უსინათლო მღეროდა: დონარა ცხადიაშვილი, ნაირა კილაშვილი, თინათინ ბირკაძე. ისინი დღეს ცოცხლები აღარ არიან. ისინი მომიტინგეებს სიმღერით ყოველ ღამით ამხნევებდნენ.

უსინათლო მომღერლები ყოველ საღმოს მიდიოდნენ მიტინგზე ხალხის გასამხნევებლად. მათ დანახვაზე მომიტინგეები დერეფანს აკეთებდნენ და ტრიბუნისკენ გზას უთმობდნენ, რადგან იცოდნენ, ისინი მათთვის სამღერლად მიდიოდნენ იქ. 

“ეს საოცრად დიდი სიყვარულის პერიოდი გახლდათ. იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, დიდი ხანი ვიმღერეთ. როდესაც უწმიდესი მობრძანდა და თქვა, საფრთხე რეალური იყო, მომიტინგეების თხოვნით კიბეებზე ავედით. ჯერ გვკითხეს, ხომ არ გვეშინოდა.  სწორედ მაშინ ვიმღერეთ “შავლეგოც” მერაბ კოსტავას თხოვნით. როცა ტანკების ხმა გაისმა, – ვიღაცამ დაიძახა, გოგოებო, დაუკარით, “სალაღობო” იმღერეთ, მტერს სალაღობოთი შევხვდეთ და ასე დავიხოცოთო. სიმღერა ბოლომდე შევასრულეთ, თუმცა 9 აპრილის კადრებში ეს არ ჩანს, რადგან მიკროფონი გაწყდა”, – იხსენებს ლელა ვეფხვაძე.

მომიტინგეების დარბევისას ხალხი კიბეს მიაწყდა. უსინათლო მომღერლები კედელთან აღმოჩნდნენ. როგორც ლელა იხსენებს, წუთით გაიფიქრა, რომ მოკვდა, რადგან სუნთქვა გაუსაძლისი გახდა.  ისინი მილიციის კორდონით გაიყვანეს და სამშვიდობოს გააღწიეს. ამბობს, რომ საზარელი ფეხის ხმა დღემდე ყურში ჩაესმის. იმ ღამით I საავადმყოფოში მოხვდა. მისი თქმით, საავადმყოფოში გაცილებით ბევრი დაღუპული მიჰყავდათ, – ისიც ნამდვილად ვიცი, პარლამენტის წინ რომ აუზია, მის ირგვლივ სულ მიცვალებულები იყვნენ დასვენებული, – ამბობს ლელა ვეფხვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

“სამშობლო ძალიან მიყვარს. იგივე რომ განმეორდეს, მაინც იქ ვიქნები. რომც მცოდნოდა, სიკვდილი მელოდა, მაინც წავიდოდი. ქართველები ძლიერები ვართ. გვილხინს თუ გვიჭირს – ვმღერით და ღმერთმა ერთხელ სალხინოდ გვამღეროს, მე ეს ნატვრა მაქვს და თუ მოვესწრები ამას, ბედნიერი ადამიანი ვიქნები”, – აცხადებს მომღერალი ლელა ვეფხვაძე.

როგორც თავად ამბობს, მას არანაირი გმირობა არ ჩაუდენია,  უბრალოდ, იგი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. გული წყდება, რომ დღეს, ახალგაზრდა თაობაში ვეღარ ხედავს ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის გაკეთების სურვილს.

ლელასთვის მეტროში სიმღერა სამსახურია, რომელსაც მისთვის ყოველდღიურად 10-დან 20 ლარამდე შემოსავალი მოაქვს.

ლელა ვეფხვაძე ფონიჭალაში, მხედველობაშეზღუდულთა დასახლებაში გაიზარდა. საბჭოთა პერიოდში იქ მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები იყო შექმნილი, დღეს კი მათი შენობებიდან აღარაფერია დარჩენილი. 1990-იან წლებში, იძულებული გახდა პურის ფული ქუჩაში სიმღერით ეშოვა: „სამწუხაროა, მაგრამ მიხაროდა, ჩემი გოგონა ვერ ხედავდა, ჩუმად როგორ ვტიროდი ხოლმე… ჩემს თავს ვსძლიე და ქუჩაში გავედი ფანდურზე სამღერლად, ამით ჩემი გოგონა შიმშილს და მათხოვრობას გადავარჩინე… პირველი თვე ძალიან გამიჭირდა, ცრემლები მახრჩობდა… შემდეგ კი მეტროში ჩავედი, თუმცა იქაც ძნელი იყო საკუთარი ადგილის პოვნა სხვებს შორის”, – ამბობს ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მასალა მომზადებულია სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ, ლელა ვეფხვაძის ინტერვიუებზე დაყრდნობით.
ავტორი: მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები