ხათუნა ლაგაზიძე: „ერის კონსოლიდაცია წერილებით არ ხდება, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები“

  •  

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღია წერილს დადებითად აფასებს, თუმცა აქვს შენიშვნებიც.

მისი თქმით, პრობლემებზე საუბარი დროულია, თუმცა ივანიშვილის გზავნილი, რომ რაციონალიზაცია და გაერთიანება აუცილებელია, ელექტორატის შესაფასებელია.

„წერილებით ერის კონსოლიდაცია არ ხდება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ მუდმივად,” – განაცხადა პოლიტიკის ექსპერტმა.

ლაგაზიძე ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისას გაჟღერებულ მესიჯებს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიტიკაში გამოჩენიდან დღემდე მისი პოლიტიკური პოზა შეცვლილია.

“ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა ლოზუნგით „შუა გაიკრიფოს“, ანუ ის რადიკალიზმისკენ იხრებოდა. ამ წერილში კი მან საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, საკუთარ პარტიას კი ახალ  სტრატეგიაზე გადაწყობა მოუწოდა. თუ ჩვენ გავავლებთ პარალელს ამ მესიჯებს შორის, მივხვდებით რომ ის ნელ-ნელა პოლიტიკურ პოზას იცვლის. აშკარაა რომ მზადდება ახალი  სტრატეგია – სტრატეგია გაერთიანებისკენ.  რამდენად მზად იქნება, როგორც საზოგადოება, ისე მისი პარტია ამისთვის, ეს განსაზღვრავს მეტწილად 2020 წლის პარლამენტის ბედს,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტიკის ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხედავს პრობლემებს საკუთარ გუნდში, რომ  პარტიას აკლია ერთიანობა და აზრთა თანხვედრა. სწორედ ამის გამოსწორება დააანონსა, ხათუნა ლაგაზიძის აზრით,  ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ წერილში.

მსგავსი თემები