,,დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“- გურამ მაჭარაშვილი

,,დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამართლიანი.

,,ჩვენი მიზანია, არავის შერჩეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გასაგებია, რომ 100 ხმა ვერ მოგროვდება. ეს პოლიტიკური ნაწილია, დღეს უკვე მივიღეთ ძირითადი ნაწილი, სადაც კონსტიტუციამ პრეზიდენტს უჩივლა, მოუგო და თქვა, რომ მე, ძირითადი კანონი არავინ უნდა დამარღვიოს. არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას. რეალობა სულ სხვაა, როდესაც შენ პრეცედენტულად ხარ საქართველოში ის პრეზიდენტი, რომელზეც საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაარღვია კონსტიტუცია, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაქვს, ასეთი ტვირთის მატარებელი პრეზიდენტი შესაშური ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს უცხოეთში. საქართველოს პრეზიდენტს დღეს უპასუხა საქართველოს კონსტიტუციამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები