პრეზიდენტს შერჩენილი რომ ჰქონდეს ელემენტარული ღირსება, მყისიერად გადადგებოდა – კობახიძე

,,პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდგომ ის მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს.

,,სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურეს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. საქართველოს პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდგომ ის მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, თუმცა ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

მსგავსი თემები