,,არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ”- მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 12 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, გადაწყვეტილება კი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

კითხვაზე, იყო თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა გადაწყვეტილების მიღების დროს მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ ზეწოლა არ ყოფილა.

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. ეს დღე შედგება რამდენიმე საათისგან, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, რომ ტექსტში რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება და ასე შემდეგ. დღის განმავლობაში გამოქვეყნდება გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე მე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია. ხელმოწერისთვის დოკუმენტი 16 ოქტომბერს დაიდება და როდესაც მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, ისინი მოაწერენ ხელს.

არსებობს თათბირის საიდუმლოება, რომელიც არავის უნდა გაანდო, ვიდრე მოსამართლეები ხელს არ მოაწერენ გადაწყვეტილებას. შეიძლება, ხელმოწერამდე მოსამართლემ შეცვალოს თავისი პოზიცია. არავის აქვს ჯერ ხელმოწერილი. ხელმოწერა იქნება 12 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში ჩვენ ამას დავასრულებთ. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ. მოსამართლეების პოზიცია ჩემთვის რა თქმა უნდა, ცნობილია. ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ. აზრთა სხვადასხვაობა იყო თუ არა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ამის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ. ვიცით, ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. თათბირის საიდუმლოების დარღვევა არის დანაშაული“, – განაცხადა ტურავამ.

 

 

მსგავსი თემები