დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება

,,ბავშვი ცოლი არ არის” – დღეს, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება.

,,ჩვენ, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვხატავთ სოლიდარობას არამხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის მიმართ, არამედ დახმარებასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ახლაც, ამ წამსაც, განიცდიან ნებისმიერი სახის ძალადობას.

მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ნაადრევი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება”, – წერენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ,,ქმარი” პოლიციამ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა.

დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.

ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.

მსგავსი თემები