დიდი დიღმის აფეთქებაზე “ყაზტრანგაზის” დაუდევრობა დადასტურდა – ომბუდსმენის კვლევა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ დიდი დიღმის აფეთქება და დიღომში მომხდარი აფეთქება ერთმანეთისგან განსხვავებულია, დადასტურდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ 16 იანვრის აფეთქება კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს შედეგია. ​

“​სამწუხაროდ დადასტურდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ კომპანიის თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეასრულეს თავისი საქმე. პირველი გამოძახების შემთხვევაში, ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ობიექტზე და იქ საფრთხის წყარო ვერ შეამჩნიეს, ხოლო მეორე გამოძახების დროს მხოლოდ 49 წმ დაჰყვეს. რაც სრულიად გამორიცხავს იქ რაიმე ტიპის მოკვლევის, შემოწმების ან გაჟონვის წყაროს გამოვლენის შესაძლებლობას, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, დადასტურდა ეჭვები, რომ “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა ყველა ღონე არ იხმარეს  პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

“ასევე, ვერ ვნახე შემოწმების აქტებში, რა ტიპის შემოწმება განხორციელდა, ძალიან მწირი ინფორმაციაა, რაც დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ​ეს აუცილებლად იქნება ჩვენი მითითების საგანი მომავალში. ჩვენ კომპანიებს მივუთითებთ და მოვთხოვთ, რომ შემოწმების აქტებში ზუსტი ინფორმაცია ჩაიწეროს იმასთან დაკავშირებით, რაც გამოდგება საერთო ჯამში პოზიციის ჩამოსაყალიბებლად”, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი. 

მსგავსი თემები