ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებისთვის სოხუმი სიკვდილით დასჯას აკანონებს

ა​ფხაზეთის ე.წ პარლამენტმა მეორე, საბოლოო მოსმენით მიითო კანონი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობისა და გადაზიდვისთვის სამუდამო პატიმრობას და სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი 2020 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება, – ამის შესახებ “აფსნიპრესი” იტყობინება.

ე.წ პარლამენტის წევრმა ვალერი აგრბას მოსაზრებით ეს აუცილებელი ზომაა. ახალი კანონით გასამართლებული პირების შეწყალება შეუძლებელია. სიკვდილით დასჯის გარდა, ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებაში ბრალდებულ პირს დააჯარიმებენ, დაპატიმრებენ და აეკრძალება გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობა.   

აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონი ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო. აგრბას ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვა შესაბამის უწყებებში რამდენჯერმე გაიმართა.  

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი აფხაზეთში 1993 წლიდან მოქმედებს, მაგრამ კანონის სახე ამას 2007 წელს მიეცა. 

ე.წ-მა კანონმდებლებმა კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის მაისში სოხუმის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს – კემალ ოსმანოვს, დიმიტრი ნესტერნეს და ელდარ მამედოვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. აქედან ერთს 15 წელი, მეორეს 18, მესამეს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ადვოკატებმა კოდექსის ჩანაწერები გამოიყენეს და საკასაციო კოლეგიამ მათ მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქა. 

მსგავსი თემები