საკუთარი ეზოს მოვლა მოდური უნდა იყოს, ვანდალიზმი კი სირცხვილი – ბექა მიქაუტაძის პროფილი

  •  

თბილისის საბურთალოს რაიონის ყოფილი და გლდანის ამჟამინდელი გამგებელი ბექა მიქაუტაძე გულის სიღრმეში რომანტიკოსი პოეტია. მართალია საჯარო სამსახურმა მისი პოეტური შთაგონება “შეიწირა”, მაგრამ ამბობს, რომ ეს ის საქმეა, რის გარეშეც ვერ გაძლებს. ამ ხნის განმავლობაში, 2 კრებულის გამოცემა მოასწრო. მეორე კრებული – “ფერიცვალება”, 2014 წელს გამოსცა და თავის სამ ქალიშვილს – რუსუდანს, ნინოს და მარიამს მიუძღვნა. ეს კრებული მისი განვლილი ცხოვრების ერთგვარი შეფასებაც არის. მისი აზრით, ცხოვრებაში ადამიანს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება, ზოგჯერ ეს ძნელია, ზოჯგერ კი ზუსტი, რაც მთავარია, ადამიანმა ყოველი ათწლეულის შემდეგ უნდა გადააფასოს განვლილი გზა, რადგან ის “წუწუნა მანქურთს” არ დაემგვანოს. მისი ლექსები მსუბუქი და გულწრფელია, იგრძნობა, რომ ავტორისთვის სულ ერთი არ არის, რას ფიქრობენ მასზე ადამიანები და რა იქნება მის შემდგომ. “მედიაცენტრ მთავარის” რუბიკა “პროფილის” სტუმარი გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეა.  

– დავიბადე და გავიზარდე თბილისში, სვანეთის უბანში. სკოლაში კამოს ქუჩაზე დავდიოდი. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის N23-ე საჯარო სკოლა. 1991 წლიდან საბურთალოზე, კანდელაკის ქუჩაზე ვცხოვრობ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ პლეხანოველი ვარ. ის ჩემი უსაყვარლესი უბანია. მთელი ბავშვობა იქ გავატარე. ჩემს სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა ფრანგული ენა. საკმაოდ მაღალი დონის სწავლება იყო და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა.

– თქვენ როგორი მოსწავლე იყავით?

-ოროსანი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, სუფთა წერაში დაბალი ნიშნები მყავდა, რადგან ცაცია ვიყავი და გადამაკეთეს. მარტო სუფთა წერაში მყავდა 3-იანები. დანარჩენად 4-ოსანი და 5-ოსანი ვიყავი.

– ალბათ, ახლა ორივე ხელით კარგად წერთ?

-არა, პირიქით. ვერც ერთი ხელით ვეღარ ვწერ. კომპიუტერი ჩემთვის გამოიგონეს. დღესაც ხელით რამეს რომ ჩავინიშნავ ფურცელზე, საკუთარ ნაწერს ვეღარ ვკითხულობ.

– ცაციათიც აღარ წერთ?

– არა, გადამაკეთეს. დამირღვიეს ბალანსი.

-საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ გვითხრათ, რამდენად მართებული მედოთია ცაციას გადაკეთება?

– მიმაჩნია, რომ ეს არაფრით არ შეიძლება. მაგრამ ჩემს ბავშვობაში კომუნისტების პერიოდი იყო და მაშინ მიუღებლად ითვლებოდა მარცხენა ხელით წერა. ცაციობა მაშინ, ნაკლად ითვლებოდა. ბავშვებს ვიღაცამ ცუდად არ შეხედოსო და სხვა. 

– ეს გენეტიკურია?

– მგონი კი. მე არ ვიცი ჩემი წინაპრებიდან ვინმე თუ იყო ცაცია, მაგრამ ჩემი შუათანა შვილი ნინოც ცაციაა. მომკლავს, რომ გამიგოს ნინოთი მოვიხსენიებ. ნინი უნდა რომ დავუძახო.

– ყველა ნინოს ნინი უნდა რომ ერქვას…

-არადა მე ნინო დავარქვი, ძალიან ლამაზი სახელი. მარტო მე და სკოლის მასწავლებლები ვეძახით ნინოს. მომავალ წელს ამთავრებს სკოლას.

– როგორ წარიმართა სკოლის შემდეგ თქვენი კარიერა?

– სკოლის მერე ინსტიტუტში ერთი წელი ვისწავლე, იმიტომ, რომ დაიწყო ომი. 1992-93 წლები ძალიან საშინელი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ომშიც მომიწია ბრძოლა, დამჭრეს კიდეც. დაჭრილი საავადმყოფოში ვიწექი, როცა მამაჩემმა მომიტანა ბილეთები და ლონდონში გამიშვა სასწავლებლად. ნახევარი წელი იქ ვსწავლობდი. თუმცა ვერ გავჩერდი და მალევე დავბრუნდი სამშობლოში. ამის შემდეგ, ნახევარი წელი აშშ-ში ვიყავი სასწავლებლად წასული. 1996 წელს ჩავაბარე GIPA -ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში) და ყველაფერი შეიცვალა. ჩემს ცხოვრებას 2-ნაწილად ვყოფ, GIPA-მდე და მის შემდეგ. ინსტიტუტის მერე, ჩვენზე ნამდვილი ნადირობა იყო, რადგან ქვეყანაში პრაქტიკულად არ ჰყავდათ საჯარო სამსახურის დიპლომირებული სპეციალისტები. ჩვენ მესამე წლის გამოშვება ვიყავით, უძლიერესი ამერიკელი ლექტორები გვყავდა და მაგისტრის ხარისხი გვქონდა. დავიწყე მუშაობა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში, კვლევით დეპარტამენტში. 80 ლარი მქონდა ხელფასი. 2001 წელს თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო საქართველოში და ზესტაფონში, იმერეთის მხარის კოორდინატორი ვიყავი, სადაც ამხანაგობის პირველი პროექტი გავაკეთეთ. შევქმენით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები. 1,5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი  გაეროს განვითარების პროგრამაში. სხვადასხვა პერიოდში მომიწია მუშაობა ახალციხეში, გორში, ზესტაფონში. 2011 წლიდან სრულყოფილად გადმოვერთე პოლიტიკაში. დავიწყეთ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და 2012 წელს გავიმარჯვეთ. დავინიშნე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად.

– ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ არ გიყვართ წინამორბედების გაკრიტიკება. თქვენ როგორ იღებთ თქვენს მიმართ კრიტიკას?

-არ მაქვს იმის ამბიცია და შიში, რომ რამე არ შემშლია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უშეცდომოდ ემუშაოს თანამდებობაზე. ჯანსაღი კრიტიკა კარგია. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოც სწორედ ამიტომ შევქმენით, რომ საბჭოში იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც მიგითითებს. ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან კი არ იმოქმედებს, არამედ რეალურად გეტყვის რა პრობლემას ხედავს. უნდა მიხვიდე და მონახო გადაწყვეტის გზები, ხალხს ესაუბრო, კაბინეტიდან კი არ უნდა იხელმძღვანელო. ძალიან ხშირად ვხვდები მოქალაქეებს. ბიუჯეტი მათთან ერთად იგეგმება. ამხანაგობების თავმჯდომარეებს ვთხოვთ ხოლმე, იაქტიურონ. თვითმმართველობა ხალხის გარეშე ვერ განხორციელდება.

– გაგჩენიათ სურვილი, უცხო ქალაქში ნანახი თბილისში გადმოგეტანათ?

– ეს არის ამხანაგობების პროექტი. ძალიან მარტივი თეზისია, რომ ძლიერი თვითმმართველობის გარეშე სახელმწიფო ვერ განვითარდება. ხოლო თავად თვითმმართველობა ვერ განვითარდება სათემო გაერთიანებების გაძლიერების გარეშე. თუ კორპუსმა, სოფელმა, დაბამ, თავის თავზე არ იზრუნა, თუ მას არ ექნება ბერკეტები, არაფერი გამოვა. გვინდა ამ თემებში ახალგაზრდები ჩავრთოთ. საკუთარი კორპუსის და საცხოვრებელი გარემოს მოვლა მოდური უნდა გახდეს. მაშინ აღარ იქნება ვანდალური ფაქტები, როცა გააკეთებ სკვერს და მეორე დღეს დამტვრეული გხვდება.

– ხშირია ასეთი შემთხვევები?

– სამწუხაროდ კი. თითოეული მოქალაქის შრომაც რომ იქნება ჩადებული თითოეული სკამის დადგმაში და სკვერის დაპროექტებაში, აღარ მისცემენ სხვას ვანდალიზმის უფლებას. როცა ეცოდინება, რომ ეს მისი ფულით კეთდება. ეს ბექა მიქაუტაძეს ჯიბის ფულით კი არ კეთდება, ეს ყველას საერთო ფულია. სკამს როცა ამტვრევენ, ამას გლდანის გამგეობას ან კახა კალაძეს კი არ უმტვრევენ, არამედ საკუთარ თავს. 

– ბოლო წლებში თბილისში ძალიან პოპულარულია ველობილიკების თემა, გლდანს ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი, რომ აქ ველობილიკები მოეწყოს. თუ განიხილება ეს თემა?

– გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძეს აქვს პროექტი, სარაჯიშვილის გამზირზე, სადაც  ძველად ტრამვაი დადიოდა, ველობილიკი მოეწყოს. საკმაოდ გრძელი მანძილია და შესაძლებელია ველობილიკის მოწყობა. 20-მდე მისამართზე მოეწყო ფიტნესზონები და კიდევ მინდა დამატება. სხვათა შორის ასაკოვანი ხალხი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს.  

– გენგეგმის ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თბილისს ტრამვაი სჭირდება, გლდანში იყო ტრამვაი, მაგრამ მოშალეს.

– ტრამვაის ის სისტემა, რომელიც გლდანში იყო, ევროპული სტანდარტით არ იყოს გაკეთებული. ის მაინც არ ივარგებდა. სხვანაირი ლიანდაგები იყო. ტრამვაი ძალიან მიყვარს, ბავშვობაში 13 წლის ვიყავი, მე და დედაჩემი პრაღაში რომ ჩავედით და იქ ვნახე ბალახში მოსიარულე ტრამვაი. ძალიან ლამაზი იყო, რელსები არ ჩანდა, ეს ჩემთვის შოკი იყო, იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.

– გლდანში არ იგეგმება ტრამვაის აღდგენა?

– სურვილი არის. ღია მეტროს პროექტიც ერთგვარად ამის გაგრძელებაა.

– ოჯახისთვის თუ გრჩებათ დრო, შვილები მოუცლელობის გამო ხომ არ გსაყვედურობენ? 

– კი, ხშირად მსაყვედურობენ. პატარა მყავს 3 წლის. მისი დაბადება იმდენად სიახლე იყოს ჩემთვის, რომ სულ ვცდილობ 1-2 საათი მაინც გამოვნახო, სანამ დაიძინებს, მივიდე სახლში, ვეთამაშო და მერე უკან დავბრუნდე. არსად რომ არ გავიდე, მარტო ტელეფონზე და სოციალურ ქსელში მწერს დღეში იმდენი ადამიანი, რომ… სახლშიც რომ ვარ მაშინაც ვმუშაობ, სულ ტელეფონში მაქვს თავი ჩარგული.

– როდესმე გიფიქრიათ ამ ყველაფერისგან გაქევა?

– ყოველ დღე. თუმცა, მეორე დილით ვდგები იმ განწყობით, რომ ეს ჩემი საქმეა და ამის გარეშე ვერ ვიქნები. სირთულეებს ერთხელ თუ დაემალე, მთელი ცხოვრება მოგიწევს დამალვა. გამგებელი დღეს ყველაზე საშინელი თანამდებობაა, ყველა შენ გთხოვს პასუხს, გეხება თუ არა, შენი კომპეტენცია არის თუ არა, გამგებელი ხარ და უნდა მოაგვარო. ეს გიჯდება ძალიან დიდი ნერვების ფასად. 

– ხშირად ხვდებით მოსახლეობას, მათგან იღებთ დადებით ემოციებს?

– ეს რომ არ იყოს, ალბათ, გავგიჟდებოდი. მაგას რომ არ ვხედავდე, რომ რასაც ვაკეთებ პოზიტიურად აისახება ადამიანებზე და იქიდანაც ვიღებ მადლიერებას, ძალიან გამიჭირდებოდა. გლდანელები უმადური ხალხი ნამდვილად არ არიან. რაც კეთდება, იმასაც ხედავენ და რაც არ მოსწონთ, გამოთქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ 1 წელია გლდანელი ვარ, მეც აქაური გავხდი და ამ რაიონის პულსაციას ავუწყე ფეხი. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე.

– განსხვავდებიან გლდანელები ვაკელებისა და საბურთალოელებისგან? ხშირად მსმენია შეფასებები, რომ პერიფერიებში უფრო გულღია ხალხი ცხოვრობსო.  

– თავისი სპეციფიკა მაინც არსებობს. მთაწმინდელებს, პლეხანოველებსა და სვანეთის უბნელებს ყოველთვის საუბრის სხვაგვარი მანერა ჰქონდათ. საერთო ჯამში ყველას ქალაქური ურთიერთობები გვაერთიანებს. გლდანს თავისი სპეციფიკა აქვს. მეგობრობა, ურთიერთობა, ერთმანეთის გვერდში დგომა ახასიათებთ. გაჭირვებაში ერთმანეთის გვერდში დგომა იციან. ერთობა და სიყვარული არის ადამიანებს შორის, ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, მაშინ დამთავრდება ქალაქობაც და თბილისელობაც.

– რა არის თბილისი თქვენთვის?

– თბილისი ჩემთვის ყველაფერია. ზესტაფონში რომ ვმუშაობდი, თითქმის ყოველ დღე თუ არა, 2-3 დღეში ერთხელ მაინც მიწევდა წასვლა-წამოსვლა. რამდენჯერაც შემოვიდოდი თბილისში და ტრაფარეტს დავინახავდი, სხვანაირი გრძნობა მეუფლებოდა, შინ ვგრძნობდი სახლში. რაჭველი ვარ, ხშირად მესიზმრება ჩემი რაჭა, სახლის აივანი. მაგრამ თბილისში, სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, ბევრი რამ გაფუჭდა, მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა კიდეც. უამრავი თანხა იხარჯება ძველი თბილისის აღდგენაზე. არის ტერიტორიები რომლებიც იძლევა საშუალებას, თანამედროვედ განვითარდეს. მაგრამ ძალიან ბევრი არასწორი ნებართვაა გაცემული და სამწუხაროდ, ბევრ სასამართლოს ვაგებთ. საბურთალოზე, რამდენიმე ადგილას ინვესტორები ადგილმონაცვლეობაზე დავითანხმეთ და ტერიტორიები გადავარჩინეთ. ამიტომ არის კარგი გენგეგმა, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. გაცემულ ნებართვებს ვერაფერს ვუზამთ, თუ ინვესტორის კეთილი ნება არ იქნება. ყველაფერს ვერ ჩაანაცვლებ. 

ესაუბრა შორენა პაპაშვილი   

მსგავსი თემები